Logo

გორში კომედიის საერთაშორისო ფესტივალი იწყება

05 ივნისი 2018

5 ივნისიდან 14 ივნისამდე  გორი კომედიის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელსაც მარჯანიშვილის თეატრი, ლევან წულაძის დადგმით - ,,როგორც გენებოთ" გახსნის. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ  მარჯანიშვილის, სამეფო უბნის, თუმანიშვილის, მოზარდმაყურებელთა, რუსთავის, ფოთის, ზუგდიდის, მესხეთის, თავისუფალი, ილიაუნისა და  ყაზახეთის თეატრები.

კომედიის ფესტივალისთვის წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია. საიუბილეოდ ის საერთაშორისო საფესტივალო გაერთიანების წევრი გახდა. მსოფლიოში სულ 4 კომედიის თეატრალური ფესტივალია, მათ შორის ადგილი წლევანდელი წლიდან უკვე საქართველოს კომედიის ფესტივალმაც დაიკავა. ამგვარად,  კომედიის ფესტივალი იმართება, ჩინეთში, კანადაში, რუმინეთსა და საქართველოში.

2014 წელს, ქალაქ გორში, გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრის იმ დროინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ საქართველოს რეგიონული ხელოვნების განვითარების ფონდთან ერთად სევდიან ქალაქს ღიმილიანი ფესტივალი აჩუქა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ყველა ის თეატრი იღებდა, რომლის რეპერტუარშიც კომედიური ჟანრის სპექტაკლები იყო. მომდევნო წლებში ფესტივალმა უკვე საერთაშორისო სტატუსი მოიპოვა და მასში მონაწილეობის მისაღებად რამდენიმე ქვეყნის დასიც ჩამოვიდა.

კომედიის ფესტივალი ქ. გორის ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა. ქალაქში ზაფხულის მოსვლასთან ერთად კომედიის ფესტივალის დაწყებას ელოდებიან. ყოველწლიურად მაყურებელს შესაძლებლობა აქვს ადგილზე გაეცნოს სხვადასხვა თეატრების რეპერტუარს. აგრეთვე, მონაწილეობა მიიღონ საზეიმო მსვლელობაში.  ფესტივალი იმართება გორის მუნიციპალიტეტის მერიის პატრონაჟით. მხარდამჭერები არიან კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კომპანია -,,ბიზარტი“ და გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო თეატრი. ფესტივალის მედია მხარდამჭერია ,,ჯორჯიან თაიმსი".