13 ივნისი 2018
12 ივნისს ფინალური ეტაპით დასრულდა გორის მუნიციპალიტეტის მინი ფეხბურთის ტურნირი ,,გორის თასი 2018". ღონისძიებას შიდა ქართლის რწმუნებული-გუბერნატორი, აკაკი მაჭუტაძე, გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ფინალურ ტურში კომბინატის (გორი) და სოფელ მეჯვრისხევის ფეხბურთის გუნდები დაუპირისპირდნენ. გარდამავალი თასის მფლობელი კომბინატის „კომბინატი“ გახდა. მატჩებს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. ტურნირის ორგანიზატორმა, გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტომ, ბრინჯაოს პრიზიორს, მერიის გუნდს 800, ვერცხლის პრიზიორს – მეჯვრისხევს 1000, ხოლო ტურნირის გამარჯვებულ კომბინატს - 1200 ლარი გადასცა. ტურნირის გენერალურმა სპონსორმა, ენერგეტიკული სასმელების კომპანია ,,თურგემ" შეჯიბრის გამარჯვებული კომბინატის გუნდი და ფინალისტი მეჯვრისხევი დააჯილდოვა ერთკვირიანი საგზურებით თურქეთის კურორტ აიდერზე. ტურნირი, რომელიც წელს პირველად ჩატარდა, ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება. აქტივობა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და სპორტის პოპულარიზაციის მიზნით მოეწყო.