Logo

ერგნეთში დოკუმენტური ვიდეოისტორიების პრეზენტაცია გაიმართა

03 აგვისტო 2018

ერგნეთში, ომის მუზეუმში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ადგილობრივებსა და ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მომზადებული დოკუმენტური ვიდეოისტორიების „ქალები მავთულხლართების პირისპირ“ ჩვენება გაიმართა.

ვიდეორგოლები გამყოფი ხაზების გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები შვიდი ქალის ცხოვრებას ასახავს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რომლებიც მიუხედავად არაერთი სირთულისა და გამოწვევისა, აქტიურობენ და აკეთებენ საქმეს, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათთვის და მათი ოჯახებისათვის, არამედ მთელი სოფლისა და მოსახლეობისათვის.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა აგვისტოს ომის შემდეგ არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შექმნილი ვითარება ადგილზე ყველას აზარალებს და არ შედის არც ქართველების და არც ოსების ინტერესში. ამიტომ სახელმწიფო მომავალშიც განახორციელებს სამშვიდობო პოლიტიკას, რაც პირველ რიგში კონფლიქტით დაზარებული მოსახლეობის დახმარებაზეა ორიენტირებული. პრეზენტაციას ესწრებოდა შიდა ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტი მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი, სოფელ ერგნეთის მკვიდრი და სამშვიდობო პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრი ქალბატონები. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ თავად ვიდეოისტორიების გმირი ქალებატონებიც, რომელთაც ომის შემდგომ, გასული 10 წლის განმავლობაში მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრეს და სამშვიდობო პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.