Logo

საკორინთლოს, ახალშენისა და ქვემო ჭალის მოსახლეობასთან შეხვედრა მოეწყო

06 აგვისტო 2018

რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან გიორგი ვოლსკისთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან სოფიო ქაცარავასთან, შიდა ქართლის რწმუნებულის-გუბერნატორის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებ ერთად, კასპის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საკორინთლოს, ქვემო ჭალისა და ახალშენის მოსახლეობას შევხდნენ.

შეხვედრაზე საზოგადოებას გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია გააცნეს, რომელიც უკვე შემუშავებულია და მოსახლეობას უახლოეს პერიოდში წარედგინება და რომელიც აღნიშნული სოფლების კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ხელისუფლების წარმომადგენლები გზის მოასფალტების სამუშაოებსაც გაეცნენ, მოინახულეს ჭაბურღილი და საქლორატორო, რომელიც სულ ახლახანს ამუშავდა. ასევე, სამი სოფლის მოსახლეობისგან მათი საჭიროებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, უპასუხეს დასმულ კითხვებს, გააცნეს პროექტები, რომლებიც სოფლების განვითარებას უწყობს ხელს და რომელთა ნაწილი განხორციელების პროცესშია, ნაწილი კი უახლოეს მომავალში დაიწყება.

კერძოდ, კასპის მუნიციპალიტეტში გამყოფი ხაზის სოფლების საკორინთლო-ახალშენის მისასვლელი გზის ასფალტირების პროექტით გათვალისწინებულია 2700 გრძ.მ-ზე ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, ასევე დაგეგმილია გზის ორივე მხარეს 4038 გრძ.მ-ზე რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა. დღეის მდგომარეობით სამუშაოები აქტიურად ფაზაშია.

სოფელ საკორინთლოს მოსახლეობის სასმელი წყლის უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით უკვე დასრულებულია ჭაბურღილის მოწყობა, ასევე საჭიროა მოეწყოს გამანაწილებელი ქსელი. იგეგმება ცენტრალური გზის ასფალტირებაც.

რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თქმით, ყველა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებსა და საჭიროებებზეა მორგებული.