11 აგვისტო 2018
შინდისის ბრძოლიდან 10 წლისთავზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ შინდისთან დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და გმირ მებრძოლებს პატივი მიაგეს. დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და თანადგომა გამოუცხადეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, შიდა ქართლის რწმუნებულის-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ სიმონ გულედანმა, გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა. ლევან იზორიას განმარტებით საქართველოს თანამედროვე ისტორიაში შინდისის ბრძოლა იყო ქართველთა შეუპოვრობისა და თავდადების უპრეცედენტო მაგალითი. დაღუპული გმირების ოჯახის წევრებმა თავდაცვის მინისტრთან ერთად მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძისგან დამატებითი ინფორმაცია მიიღეს 17 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად 17 ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის მშენებლობის შესახებ. როგორც ნუგზარ ჭავჭავაძემ აღნიშნა მონუმენტის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ მემორიალის მშენებლობისთვის 530 000 ლარი, ხოლო თავდაცვის სამინისტრომ 400 000 ლარი გამოყო.
დღესვე , შინდისში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვა აღავლინეს, რის შემდეგაც გმირულად დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ეპარქიის სამღვდელოებამ, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკ ხაჩიძემ და მთავარმა კაპელანმა დეკანოზ დავით ლონდარიძემ გადაიხადეს.
შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა და ერთ-ერთი გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.