შიდა ქართლის გუბერნატორი - გიორგი ხოჯევანიშვილი ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დაესწრო
01 სექტემბერი 2018
დღეს, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიებას შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორი - გიორგი ხოჯევანიშვილი, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი მეუფე ისაია, გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ისე სხვადასხვა ქვეყნების რეჟისორ-ანიმატორები. გარდა ამისა, კვირეულის ფარგლებში, ანიმაციის ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს კონოხელოვნებაში მოღვაწე ცნობილი ადამიანები სემინარებს და ოსტატობის გაკვეთილებსაც ჩაუტარებენ.
შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორმა სიტყვით მიმართვისას ყურადღება რეგიონისთვის ფესტივალის განსაკუთრებული მნიშვნელობაზე გაამახვილა:
„დღევანდელი ღონისძიება მნიშვნელოვანია სრულიად რეგიონისთვის, ვინაიდან ადგილობრივ ახალგაზრდებს ადგილზე აქვთ საშუალება საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში ჩაერთონ, რაც თავის მხრივ, პასუხია იმ მავთულხლართების მიმართ, რომელიც ნიქოზიდან სულ რამდენიმე ნაბიჯშია“ - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
დღესვე, ფესტივალის პირველ დღეს, სიმბოლურად, აგვისტოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ფილმის "ნიქოზი" ჩვენებაც გაიმართა.
ნიქოზის ანიმაციური ფილმების ფესტივალი წელს მერვედ იმართება. ღონისძიებების კვირეული 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.