Logo

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატისთვის გორელი ძიუდოისტების სამზადისს გიორგი ხოჯევანიშვილი დაესწრო

14 სექტემბერი 2018

შიდა ქართლის გუბერნატორი საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების გორელ წევრებს შეხვდა. სპორტსმენები, ლაშა შავდათუაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი და ბექა ღვინიაშვილი ბაქოში დაგეგმილ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი შეკრების დასკვნით ეტაპს გორში გადიან და ინტენსურად ემზადებიან. ხოჯევანიშვილმა ძიუდოისტებს მადლობა გადაუხადა თავდაუზოგავი შრომისთვის და ქართულ სპორტში შეტანილი წვლილისთვის.  ,, ვაფასებთ თქვენს შრომასა და ღვაწლს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვიდგეთ თქვენს გვერდში და ხელი შეგიწყოთ ამ მნიშვნელოვან საქმეში. ჩვენის მხრივ, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ და როგორც თქვენ, ისე მომავალი სპორტსმენები კეთლმოწყობილ და კომფორტულ გარემოში ვარჯიშობდნენ.“ - აღნიშნა გუბერნატორმა. შეკრებილებმა ქალაქში, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობასა და გორის ძიუდოს კლუბის დაარსების ინიციატივაზეც ისაუბრეს. ამ დრომდე, გორელი სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირებზე სხვადასხვა ქალაქის კლუბების სახელით იღებენ მონაწილეობას. ხოჯევანიშვილმა ახლად აშენებულ სპორტის სასახლეზეც ისაუბრა და პირველი სპორტული შეჯიბრის უახლოეს პერიოდში ჩატარების იმედი გამოთქვა. შეხვედრის ბოლოს, რწმუნებულმა ძიუდოისტებს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.

მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში ბაქოში 20–27 სექტემბერს გაიმართება და გორელი სპორტსმენები აზერბაიჯანის დედაქალაქში 20 სექტემბერს გაემგზავრებიან.