Logo

შიდა ქართლის გუბერნატორი გორში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

16 სექტემბერი 2018

შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა გორში,  სამხატვრო სკოლის მიმდებარე მოედნის, სტალინის გამზირის  მონაკვეთისა და კახნიაშვილის ქუჩის სანიაღვრე წყალარინების სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს. სამუშაოები, ადგილობრივ ბიუჯეტთან ერთან რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი  ღირებულება 712 ათას ლარს შეადგენს.  პარალელურად მიმდინარეობს სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფის მიერ შიდა ქართლში მიმდინარე და დასრულებული პროექტების ადგილზე გაცნობაც.  მონიტორინგის ჯგუფმა გორში, თბილისის ქუჩაზე უკვე დასრულებული სამუშაოც დაათვალიერა, რომელის ღირებულებამაც 448 ათასი ლარი შეადგინა.


მოგვიანებით, გუბერნატორი და მინისტრის მოადგილე სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობას საკითხს გაეცნენ.  ამ პროექტის  ჩამორჩენით შესრულების გამო სამშენებლო კომპანიას  ხელშეკრულება შეუწყდა,  საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულების სამუშაოებზე მიმდინარე წლის 30 აგვისტოს გამოცხადდა განმეორებითი ტენდერი, რომელიც სექტემბრის ბოლოს გაიხსნება. ,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებასთან ერთად, პროექტები  სტანდარტების სრული დაცვით იყოს შესრულებული. ამჟამად, როგორც გორში, ისე სოფლად არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარებს და ჩვენი მიზანია შესრულებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული პროექტები მოსახლეობისთის ხარისხიანი და უსაფრთხო იყოს“ - აღნიშნა გუბერნატორმა.

2018 წელს, საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  250 მილიონი ლარის 770 ინფრასტრუქტურული  პროექტია დაფინანსებული, აქედან, შიდა ქართლში განხორციელდა 40 პროექტი, რომლის ღირებულებამაც, ჯამში, 20 მილიონი ლარი შეადგინა.