შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი გორისა და გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულებისთვის ოქროსა და ვერცხლის მედლების გადაცემის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
სიმონ გულედანმა ახალგაზრდებს მიულოცა და წარმატებები უსურვა.
,,დღეს საამაყო ღონისძიებას ვესწრებით, ჩვენს მუნიციპალტეტში მცხოვრებ 278 ახალგაზრდას დამსახურებული ოქროსა და ვერცხლის მედლები გადავეცით. ამ ახალგაზრდებმა დიდი დრო და ენერგია ჩადეს სწავლაში და შედეგიც დაუფასდათ. ვულოცავ როგორც თითოეულ მათგანს, ისე მათ პედაგოგებს ამ წარმატებას. ჩვენ სწორედ ამ ახალგაზრდებზე ვამყარებთ დიდ იმედებს, რომ მომავალში გადაიბარებენ მართვის სადავეებს და როგორც ჩვენს რეგიონს, ისე ქვეყანას ეყოლება ღირსეული, განათლებული და კავლიფიციური პროფესიონალები,“ – აღნიშნა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა.
კურსდამთავრებულები ხელისუფლების წარმომადგენლებმა და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა დააჯილდოვეს.
გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მედალოსანი 278 კურსდამთავრებული გახდა, მათ შორის, 241 ოქროს, ხოლო 37 ვერცხლის მედალოსანია.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გორის მუნციიპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.