ინფრასტრუქტურის სამინისტრო შიდა ქართლის რეგიონში სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს ახორციელებს. მათ შორისაა, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების, ასევე წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების სოფლებში.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში საბავშვო ბაღის და სოფელ არაშენდაში საჯარო სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში საჯარო სკოლის მშენებლობა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
მინისტრმა, ასევე, მოინახულა გორის წმინდა წყლის უბანში მდებარე სტადიონი და მისი მიმდებარე ტერიტორია, სადაც ახალი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.
მინისტრის თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ასევე, დაგეგმეს შიდა ქართლში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული ღონისძიებები. პრიორიტეტი იქნება ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის პრობლემების მოგვარება.