ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტები სურამის შემოვლითი გზის მშენებლობას ადგილზე გაეცნენ.
სტუდენტები მინისტრ რევაზ სოხაძეს, მინისტრის მოადგილეებს – ვახუშტი ბაგრატიონსა და მზია გიორგობიანს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასა და პროექტზე მომუშავე ინჟინრებს შეხვდნენ. შეხვედრას დაესწრნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, რწმუნებულის მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი.
ტურის მიზანს ახალგაზრდებისთვის მასშტაბური პროექტების, თანამედროვე საინჟინრო მიდგომების, პროექტის მართვისა და ზედამხედველობის რეალური პროცესის გაცნობა წარმოადგენდა.
მინისტრი ესაუბრა სტუდენტებს მათი პროფესიის მნიშვნელობაზე, კვალიფიციური კადრების საჭიროებასა და იმ მომავალზე, რასაც საინჟინრო დარგი ქვეყნის განვითარებისთვის ქმნის.
სურამის შემოვლითი 6.4 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია. პროექტი შეამცირებს საცობებს, გაზრდის საგზაო უსაფრთხოების ხარისხს და განტვირთავს სურამს სატრანზიტო მოძრაობისგან.
საგანმანათლებლო ტური სტუდენტებისთვის ორგანიზებული იყო ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ.