ქალაქ კასპში ახალი საცურაო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა, მინისტრის მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა და კასპის მუნიციპალტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მრავალფუნქციური სპორტული სივრცის მოწყობა, რომელიც მოიცავს როგორც დიდ, ისე მცირე საცურაო აუზებს, სატრენაჟორო დარბაზს, 100 ადამიანზე გათვლილ ტრიბუნას, პერსონალისა და სპორტული მედიკოსების ოთახებს, გასახდელებსა და საშხაპეებს. კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია პარკინგისა და გარე კაფის მოწყობა. საცურაო აუზი სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის, რაც უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას თითოეული ადგილობრივისთვის.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 7 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
პროექტი გარდამავალია, სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.