შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი გორის მუნიციპალიტეტის მერთან კონსტანტინე ბუზალაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად პროექტის „შენ ხარ საქართველო“ დასკვნით ღონისძიებას დაესწრო.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები ეუფლებოდნენ თიხაზე, თექასა და კერამიკაზე მუშაობას, სწავლობდნენ ვიდეოგადაღებასა და მონტაჟს, სამსახიობო ხელოვნებას, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასა და სხვა მიმართულებებს. დასკვნით ღონისძიებაზე მონაწილეებმა საკუთარი შემოქმედებითი ნამუშევრები წარადგინეს.
პროექტის შედეგად შეირჩა 12 ახალგაზრდა, რომლებიც „ქართული დღეების“ ფარგლებში ირლანდიაში გაემგზავრებიან და საერთაშორისო დონეზე წარმოაჩენენ ქართულ კულტურასა და შემოქმედებას.
პროექტში მონაწილეობა მიიღო 14-დან 29 წლამდე ასაკის 500-მდე ახალგაზრდამ, მათ შორის — ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა მოზარდებმა.
პროექტის „შენ ხარ საქართველო“ მიზანია ეროვნული კულტურის პოპულარიზაცია, არაფორმალური განათლების განვითარება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.
