შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა რწმუნებულის მოადგილეებთან ერთად რეგიონის მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებით, რომელიც წელს პირველად უნდა ჩატარდეს, შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე რეგიონის გუნდების დაკომპლექტების, ასევე მასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო და ლოჯისტიკურ საკითხებზე იმსჯელეს.
თავდაპირველად, ფესტივალის ფარგლებში, მარტსა და აპრილში ქვეყნის მასშტაბით გაიმართება შესარჩევი შეჯიბრებები. აღნიშნული შეჯიბრებების საფუძველზე დაკომპლექტდება რეგიონული გუნდები, ხოლო დასკვნით, ფინალურ ეტაპზე, რომელსაც 2–6 ივნისს ბათუმი უმასპინძლებს, გამოვლინდება გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები.
ოლიმპიური ფესტივალი სპორტის 17 სახეობაში გაიმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს ყველა რეგიონი მიიღებს. ფესტივალის ინიციატორია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ხოლო ორგანიზატორები არიან საქართველოს მთავრობა, სპორტული ფედერაციები, შესაბამისი უწყებები და მუნიციპალური ორგანიზაციები.
