ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან და გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ კონსტანტინე ბუზალაძესთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ტირძნისსა და შინდისში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში თავდაპირველად დაგეგმილი იყო 150 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია. თუმცა, არსებული შენობის მდგომარეობის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ძველი ბაღის დემონტაჟისა და მის ადგილას სრულიად ახალი შენობის აშენების შესახებ
ახალი საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება. დაგეგმილია უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა — მოეწყობა სასწავლო და სათამაშო სივრცეები, გათბობის, წყალმომარაგებისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, კეთილმოწყობილი ეზოები, ხოლო ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის.
სოფელ შინდისში 125 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი კი სრულად განახლდება. რეაბილიტაციის შემდეგ ბაღში შეიქმნება ყველა თანამედროვე პირობა ბავშვების უსაფრთხო, განვითარებაზე ორიენტირებული გარემოსთვის. მოეწყობა სასწავლო და სათამაშო სივრცეები, განახლდება გათბობის, წყალმომარაგებისა და სახანძრო სისტემები, ეზოები და უზრუნველყოფილი იქნება სრულად ადაპტირებული გარემო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისათვის
სარეაბილიტაციო სამუშაოები გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩერებული იყო კონტრაქტორის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. ახალი კონტრაქტორი კომპანია უახლოეს პერიოდში დაიწყებს სამუშაოებს და 2026 წლის გაზაფხულისთვის სოფელს სრულად განახლებული საბავშვო ბაღი ექნება