საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებლ სიმონ გულედანთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ადგილობირივი თვიმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგო 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას.
„ეს გმირობა შეგვახსენებს, რომ სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი არის უზენაესი ღირებულება, რისთვისაც ღირს ყველაზე ძვირფასის გაწირვაც კი – ეს არის სიცოცხლე და სწორედ ამის მაგალითი მოგვცეს შინდისის გმირებმა. ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ შინდისის გმირების ხსოვნას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა.
მთავრობის მეთაური ასევე გაეცნო შინდისის გმირების მემორიალური კომპლექსის არქიტექტურულ კონცეფციას, პროექტს და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს. ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა პრემიერს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მემორიალური კომპლექსის ძირითადი ნაწილი გარე სივრცეში მოეწყობა, სადაც ვიზიტორებს შინდისის ბრძოლის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
შინდისის ბრძოლა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია. 2008 წლის 11 აგვისტოს, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.