სიმონ გულედანი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრო
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში
პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიის პარალელურად, პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა კურსდამთავრებულებსა და პირველკურსელებს მიულოცა და ხაზი გაუსვა პროფესიული განათლების მნიშვნელობას. “პროფესიული განათლება ცოდნის მიღებასთან ერთად ნიშნავს პროფესიას, სტაბილურ სამსახურს, პარტნიორობას კერძო სექტორთან და რეალურ მოთხოვნას შრომის ბაზარზე. სახელმწიფო აქტიურად ახორციელებს პროფესიული განათლების მხარდაჭერას, შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს პროფესიული სასწავლებელი, ბოლო პერიოდში კასპსა და ხაშურში ავაშენეთ თანამედროვე სტანდარტების, სრულად აღჭურვილი პროფესიული კოლეჯები. ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდებსა და ახალი პროფესიის დაუფლების მსურველებს ჰქონდეთ თანაბარი წვდომა ხარისხიან პროფესიულ განათლებაზე.” -აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და პროფესიული განათლების ცენტრის მენეჯერმა ცენტრის განვითარების ეტაპებზე, ცენტრის მიღწევებზე, მიმდინარე ინიციატივებსა და იმ მიმართულებებზე ისაუბრეს, რომლებიც პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლებასა და სტუდენტთა შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება.
ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, გორის მუნუციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში მადლობის სიგელები და სპეციალური საჩუქრები გადაეცათ პროფესიული განათლების ცენტრის პროგრამების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს.
