ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს.
სააგენტოს უფროსის მოადგილე მიხეილ დოლაბერიძე და ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იოსებ მენთეშაშვილი, პროგრამაში ჩართულ ვეტერინარებთან ერთად, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ და დეტალურად ისაუბრეს პროგრამის მიმდინარეობის გრაფიკისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
შიდა ქართლის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, რწმუნებულის მოადგილე თამაზ ბესტაევი, მუნიციპალიტეტების მერები და შესაბამისი სამსახურის წაემომადგენლები დაესწრნენ.
აღინიშნა, რომ პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობა მნიშვნელოვანია.
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს და ითვალისწინებს: პატრონიანი ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და ძუ ძაღლების სტერილიზაციას, მიუსაფარი/მიკედლებული ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია/რეგისტრაციასა და კასტრაცია/სტერილიზაციას.
