შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიულ დოკუმენტზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, სიმონ გულედანმა, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე, გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრის ფარგლებში მუნიციპალიტეტების მერებმა 2026–2037 წლების გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის პროექტები წარადგინეს, სადაც დეტალურად იყო ასახული თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა, მიზნები და პრიორიტეტები.
განხილულ სტრატეგიულ დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონის მდგრად განვითარებას. პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის განისაზღვრა: მდგრადი ურბანული განვითარება, ეკონომიკის დივერსიფიკაცია, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ასევე სატრანსპორტო და ნარჩენების მართვის სისტემების გაუმჯობესება.
აღნიშნული სტრატეგია მიზნად ისახავს შიდა ქართლის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გაძლიერებას, მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ამაღლებასა და მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფას.
