შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი კასპის მუნიციპალიტეტის მერ ვახტანგ მაისურაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარიშვილთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს სოფელ ოკამსა და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ საკორინთლოში. ოკამში ასფალტ-ბეტონის საფარი იგება 1 202 მეტრი სიგრძის ქუჩაზე, სადაც გრუნტიანი გზა იყო და მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა არასდროს ყოფილა. საკორინთლო – ახალშენას სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე, რომლის სიგრძე 618 მეტრია, არმირებული ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რაზეც ჯამში 1 138 356 ლარი დაიხარჯება.