ხაშურის №4 საჯარო სკოლაში, 500 მოსწავლეზე გათვლილი ახალი შენობის მშენებლობისთვის მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო. სკოლის პედაგოგებთან და მშობლებთან წინასწარი შეთანხმების შესაბამისად, არსებული რკინაბეტონის ფილის დემონტაჟი უკვე მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერ პაატა ჩადუნელთან ერთად გაეცნო. ადგილზე მინისტრი, ასევე პედაგოგებსა და მოსწავლეების მშობლებს შეხვდა და მათ პროექტის მიმდინარეობის, ასევე მშენებლობის დაწყებისა და დასრულების ვადების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
ახალი სკოლის მშენებლობაზე ტენდერი დასრულებულია და გამარჯვებული კომპანიაც გამოვლენილია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის შეთანხმების პროცედურები, საექსპერტო კვლევები და მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო სამუშაოები.
ხელშეკრულების თანახმად, პროექტის დასრულება 2028 წლის ივლისშია დაგეგმილი. სამინისტროს მიზანია, ხარისხის სრული დაცვით, სამუშაოები ვადაზე ადრე დასრულდეს, რათა მოსწავლეებმა 2028–2029 სასწავლო წელი ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ შენობაში დაიწყონ.
აღნიშნული პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს (ESIDA) გაუქმების შემდეგ გადაეცა.
