შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის ახლად რეაბილიტირებული N1 საჯარო სკოლა გახსნეს და სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სკოლის წარმომადგენლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა 800 მოსწავლეზეა გათვლილი. რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზი და გარე მოედანი. პრაქტიკული და კვლევითი სწავლისთვის მოეწყო ლაბორატორიები და ბიბლიოთეკა. მთლიანად შეიცვალა გათბობისა და წყალმომარაგების სისტემები.
აღსანიშნავია, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) – ,,თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამის‘‘ ფარგლებში, სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებას დაიწყებს პროფესიული სასწავლებელი ორი მიმართულებით: კონდიტერია და გრაფიკული დიზაინი.
პროექტი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი ღირებულება 6 მილიონ 400 ათას ლარს შეადგენს.