შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორთან თეა ონიანთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, კლიკის ჯვრის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ასევე, ადგილზე იმყოფებოდნენ რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის დირექტორი ბადრი გასპაროვი.
გასულ წელს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ძეგლის სარესტავრაციო პროექტი დააფინანსა. წელს კი ,,ფონდი ქართუს“ ძეგლთა რეაბილიტაციისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით ისტორიული ძეგლის სრული რეაბილიტაცია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც არქეოლოგებისა და რესტავრატორების ზედამხედველობით გაწმენდითი და საკონსერავციო სამუშაოები ხორციელდება. პროექტი ორეტაპიანია, წელს დასრულდება გაწმენდა-კონსერვაცია, მომავალ წელს კი იგეგმება ძეგლის სრული აღდგენა.
არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მღებრიანის დასავლეთით, მდინარე თეძმის მარცხენა მხარეს მდებარეობს და VII-VIII საუკუნეებით თარიღდება.