შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან თეა ახვლედიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ გადაიხადა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაღუპული გმირების სახელობის მემორიალები ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
,,17 წლის წინ მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე, მტკივნეული და ტრაგიკული მოვლენაა. ომმა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა, დავკარგეთ ტერიტორიები, ჩვენმა თანამოქალაქეებმა დაკარგეს საკუთარი სახლები და საკუთარ ქვეყანაში დევნილებად იქცნენ. მთავარი ამოცანაა, გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და აღარასდროს დავუშვათ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. ქედს ვიხრი ომში დაღუპული ჩვენი სამხედროების, პოლიციელებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნის წინაშე, ვისი სოცოცხლეც ომმა შეიწირა. მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს, გამთლიანდება, გაძლიერდება და ჩვენი დევნილები აუცილებლად დაუბრუნდებიან მშობლიურ მიწა-წყალს.“ – აღნიშნა სიმონ გულედანმა.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.