შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, სიმონ გულედანის ხელმძღვანელობით, სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე შეჯამდა 2025 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტები. ასევე, მოიწონეს შიდა ქართლის 2025–2027 წლების სამოქმედო გეგმაში შეტანილი ცვლილებები და განიხილეს 2026 წელს განსახორციელებელი პროექტები.
შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის“, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების“, „გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარების“, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებზე.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭო გეგმურად, სამ თვეში ერთხელ იკრიბება.
