კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლამისყანაში მდებარე ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
კომპლექსის სრულ რეაბილიტაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე დასრულებულია შენობის გადახურვის, ფასადისა და შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი; მოეწყო სველი წერტილები და ელექტროგაყვანილობა; რეაბილიტაცია ჩაუტარდა გალავნის კედლებსა და მის ზედა ნაწილებს; დასრულდა კოშკების გადახურვა და საიზოლაციო სამუშაოები; შშმ პირთათვის დამონტაჟდა სპეციალური ლიფტი.
ამჟამად, სასახლის პირველ სართულზე მიმდინარეობს კარების მონტაჟის, მეორე სართულზე – იატაკის მოწყობის სამუშაოები; გალავნის დაზიანებული ქონგურების გადაწყობა; ამორტიზირებული აგურის სალოდეების დაშლა-აწყობა; კოშკების გადასახური ფილების გაწმენდა; ეზოს ქვაფენილით მოპირკეთება და ელექტროგაყვანილობის ქსელის მოწყობა.
