შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრში გამართულ სალოტბარო სკოლების კონცერტს დაესწრო
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გუნდმა რეგიონული ტურნე შიდა ქართლიდან დაიწყო. თეატრში გაიმართა ფოლკლორის ცენტრის გუნდისა და შიდა ქართლის რეგიონის სალოტბარო სკოლების ერთობლივი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ გორის, მერეთის, ქარელისა და კასპის სალოტბარო სკოლების მოსწავლეები.
კონცერტზე შესრულდა საარქივო ჩანაწერების მიხედვით აღდგენილი ქართული ხალხური სიმღერისა და ტრადიციული საგალობლების გამორჩეული ნიმუშები. საღამოს უძღვებოდნენ გორის სალოტბარო სკოლის ლოტბარი ლელა მერაბიშვილი და ფოლკლორის ცენტრის გუნდის წევრი ნიკოლოზ მესხორაძე.
ღონისძიების დასასრულს ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი დონაძემ ისაუბრა ცენტრის საქმიანობის მიზნებსა და სალოტბარო სკოლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ქართული ტრადიციული მუსიკის შენარჩუნებისა და განვითარების საქმეში.
კონცერტს ასევე დაესწრნენ გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
საღამოს დასასრულს სალოტბარო სკოლების მოსწავლეებმა ფოლკლორის ცენტრის გუნდთან ერთად „მრავალჟამიერი“ შეასრულეს.
