ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმის მთავარი მიმართულებები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს სიმონ გულედანსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს გააცნო.
ამასთან ერთად, შიდა ქართლის სატყეო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, მიხეილ ბარნოვი წარუდგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაგეგმილი სატყეო რეფორმის მთავარი მიზანი, ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერებასთან ერთად, ტყის დაცვისა და ტყითსარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებაა.
სამუშაო შეხვედრაზე, სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ ეროვნულ სატყეო სააგენტოს ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია უბრუნდება.
გათვალისწინებულია 401 ტყის მცველის დამატება, რის შედეგადაც, თითო მცველზე დასაცავი ტერიტორია 10-15 ათასი ჰექტრიდან, საშუალოდ, 2 000 ჰექტრამდე შემცირდება.
