ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, რწმუნებულის მოადგილე თამაზ ბესტაევი, საქართველოს პარლამენტის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, ასევე გორის, სამცხე-ჯავახეთისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები და აკადემიური პერსონალი დაესწრნენ.
შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა გახსნა. მან სამშვიდობო განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი, როგორც რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მშვიდობის კულტურის დამკვიდრებასა და სამშვიდობო განათლების პოპულარიზაციაში.
გიორგი ვოლსკიმ ყურადღება გაამახვილა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ინიციატივაზე, რომელიც ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამშვიდობო სწავლების ცენტრების დაფუძნებას ითვალისწინებს. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება სახელმწიფოს სტრატეგიულ ხედვას — ხელი შეეწყოს კონფლიქტების მშვიდობიან გზით მოგვარებას, საზოგადოების კონსოლიდაციასა და ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას სამშვიდობო პროცესებში.
შეხვედრის დასასრულს, სამცხე-ჯავახეთის აფხაზური ცენტრის „მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“ წევრმა სტუდენტებმა წარადგინეს პრეზენტაციები მშვიდობის მშენებლობის თემაზე. მათ ისაუბრეს კონფლიქტების ტრანსფორმაციის თანამედროვე მიდგომებზე, დიალოგისა და მედიაციის მნიშვნელობაზე, ახალგაზრდების როლსა და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
