საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელები შიდა ქართლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ფესტივალში მონაწილე შიდა ქართლის სპორტსმენების მზადების პროცესს გაეცნენ
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რეგიონის რწმუნებულმა სიმონ გულედანმა შეხვედრას უმასპინძლა, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერიის, ადგილობრივი თვითმართველობის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
შეხვედრაზე საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მნიშვნელობის და შიდა ქართლიდან ფესტივალში მონაწილე სპორტსმენების მზადების მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებთან ერთად სხვადასხვა სპორტული დარბაზები მოინახულეს, გაეცნენ წინასაფესტივალო მზადების პროცესს და ახალგაზრდა სპორტსმენებს შეხვდნენ.
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომლის ფინალურ ეტაპს 2026 წლის 2-6 ივნისს ბათუმი უმასპინძლებს, შიდა ქართლი სპორტის 15 სახეობაში იქნება წარმოდგენილი (ბადმინტონი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, კალათბურთი 3X3, კრივი, მაგიდის ჩოგბურთი, მინი-ფეხბურთი, ტაეკვონდო, ფრენბურთი, ქართული ჭიდაობა, ქვიშის ჭიდაობა, ჩოგბურთი, ცურვა, ძიუდო (შერეული გუნდური), ხელბურთი).
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობა, აჭარის განათლების და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია.
ფესტივალის ფინალურ ეტაპს წინ უძღვოდა რეგიონალური შეჯიბრებები, რომლებიც
განხორციელდა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის, სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციების და ფესტივალში მონაწილე სპორტის სახეობების ეროვნული სპორტული ფედერაციების ორგანიზებით, ადგილობრივი თვითმართველობების და სამხარეო ადმინისტრაციების მხარდაჭერით.
პროექტი მიზნად ისახავს სპორტის მასობრიობის ზრდას, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას, რეგიონების აქტიურ ჩართულობას, მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენას, ოლიმპიური მოძრაობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
