სპორტის მინისტრი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, პარლამენტის წევრმა, ქარელისა და ხაშურის დელეგატმა ზაალ დუგლაძემ, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების მერებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტებში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი სპორტსმენების, მწვრთნელებისა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებთან. მათ მინისტრს სპორტის მიმართულებით არსებული საჭიროებები და გამოწვევები გააცნეს.
შალვა გოგოლაძემ აღნიშნა, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და სპორტსმენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ინვენტარითა და სპორტული ეკიპირებით აღჭურვასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი ადგილზე გადაიჭრა, ხოლო უახლოეს პერიოდში სპორტული სკოლები და დარბაზები საჭირო ინვენტარითა და ეკიპირებით მომარაგდება.
შეხვედრებზე ასევე იმსჯელეს მუნიციპალიტეტებში არსებული სპორტული ობიექტების გაუმჯობესების, ახალი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სპორტის სხვადასხვა მიმართულების მხარდაჭერის საკითხებზე
