საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ შინდისში 2008 წლის 11 აგვისტოს გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო.
ხელისუფლების წარმომადგენლები შინდისის ბრძოლაში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ და გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შინდისის გმირების განსაკუთრებული თავდადება მომავალი თაობებისთვის ღირსებისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითია. მისივე თქმით, საქართველოში თაობები შინდისის გმირების მაგალითზე უნდა იზრდებოდნენ.
შინდისის ბრძოლა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ტრაგიკული ეპიზოდია. 2008 წლის 11 აგვისტოს, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან უთანასწორო ბრძოლაში საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი სამხედრო მოსამსახურე გმირულად დაიღუპა.
მათი თავგანწირვა საქართველოს უახლეს ისტორიაში გმირობისა და სამშობლოსადმი ერთგულების სიმბოლოდ რჩება.
