სოფელ ურბნისში ახალი სასწავლო წელი ახლადაშენებულ საბავშვო ბაღში დაიწყო. გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ცირა ინდუაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პედაგოგებს, აღსაზრდელებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, თანამედროვე ინფრასტრუქტურული და უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად განახორციელა. ახალ შენობაში ბავშვების განვითარებისა და კომფორტისთვის ყველა აუცილებელი პირობაა შექმნილი:
• მოეწყო თანამედროვე სასწავლო და სათამაშო სივრცეები;
• დამონტაჟდა გათბობის სისტემა და მოწესრიგდა სველი წერტილები;
• გარემო სრულად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის;
• მოეწყო ეზო და რეკრეაციული ზონები, ასევე დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები.
ურბნისის საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს მთავრობამ 1.7 მილიონი ლარით დააფინანსა.
