შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა სამუშაო შეხვედრაზე შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო სისტემების არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და განვითარების საჭიროებები განიხილეს.
შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი და შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. განხილვისას მუნიციპალიტეტების მიხედვით შეფასდა როგორც უკვე განხორციელებული, ასევე მიმდინარე სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის სარწყავი არხების რეაბილიტაცია, სადრენაჟე სისტემების მოწესრიგება და წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ პროექტებსა და სამუშაოებს, რომლებიც რეგიონში უახლოეს პერიოდში დაიწყება. აღინიშნა, რომ აღნიშნული ინიციატივები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასოფლო-სამეურნეო მიწების მოსავლიანობის ზრდას, ფერმერთა საქმიანობის გაუმჯობესებასა და რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.
