საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა, მოადგილე ზაზა კვიციანმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან დავით სონღულაშვილთან და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორ გიგლა თამაზაშვილთან ერთად სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დადგენილი საირიგაციო წყლის ტარიფი და სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სუბსიდირების ახალი სქემა განიხილეს, რომელიც ფერმერთა მხარდაჭერასა და აგროსექტორის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს აღნიშნული მექანიზმების ეფექტიანად დანერგვისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხებზე.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს სარწყავი სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, ინფრასტრუქტურის მზაობა, წყლის რესურსების მართვა და რეგიონებში უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფა. ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზეც, რომლებიც მელიორაციის სისტემაში ჯერ კიდევ არსებობს და საჭიროებს დროულ რეაგირებას.
ხაზი გაესვა კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, რაც განსაკუთრებულ როლს ასრულებს აგროსექტორის განვითარებაში, ფერმერთა ინტერესების დაცვასა და რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში. აღინიშნა, რომ მსგავსი ფორმატის სამუშაო შეხვედრები ხელს შეუწყობს კონკრეტული პროექტების ეფექტიანად დაგეგმვასა და განხორციელებას.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები გიორგი წკრიალაშვილი და ლაშა დოლიძე, ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი ესწრებოდნენ.
