დილიდან ოქონის მშენებარე ტაძარში გორისა და ატენის მღვდელმთავარმა, მიტროპოლიტმა ანდრიამ, სადღესასწაულო წირვა აღავლინა. საზეიმო ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, რწმუნებულის მოადგილეები, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე და მოქალაქეები.
წირვის დასრულების შემდეგ საზეიმო მსვლელობა და ქალაქის კურთხევა გაიმართა.
ოქონობის დღესასწაული 2004 წელს ატენისა და გორის მიტროპოლიტ მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით აღდგა. იგი უკავშირდება ოქონის ხატს, რომელიც XII საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა და თამარ მეფის მიერ აგებულ ტაძარში იყო დაბრძანებული.
ხატი 1991 წელს, ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, დაიკარგა, ხოლო 2001 წელს „კრისტის“ აუქციონზე იქნა აღმოჩენილი. როგორც ეროვნული საგანძური, ოქონის ხატის სპილოს ძვლის უბრწყინვალესი სამკარედი 2004 წლიდან თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.
