დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ლევან დიასამიძე, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, მერის მოადგილე თორნიკე ფხაკაძე და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ქალაქ ყარაღანდაში, ოლქის გუბერნატორთან ერმაგანბეტ ბულეკპაევთან. შეხვედრაზე თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს, ამავდროულად ხელი მოეწერა მემორანდუმს გორსა და ყარაღანდას შორის დამეგობრების შესახებ.
ასევე, საუბარი შეეხო ორ რეგიონს შორის მიმდინარე თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებს, რომლებიც ერთობლივი პროექტების განხორციელებას და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას მოიცავს.
ერმაგანბეტ ბულეკპაევის თქმით, ყარაღანდის ოლქი, თავისი მდიდარი ნედლეულითა და სტრატეგიული მდებარეობით, ღიაა ინვესტიციებისა და ექსპორტის გაფართოებისთვის. მან განსაკუთრებული აქცენტი ტურიზმის სფეროში მჭიდრო კავშირების დამყარებაზე გააკეთა.
თავის მხრივ, სიმონ გულედანმა ხაზი გაუსვა ორ რეგიონს შორის არსებულ მსგავსებებსა და ეკონომიკურ პოტენციალს. მისი თქმით, ტურიზმის გარდა, თანამშრომლობის დიდ რესურსს სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა და სამშენებლო მასალების წარმოება იძლევა.
ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე ბუზალაძემაც. მან აღნიშნა, რომ ყარაღანდა გორისთვის პირველი დამეგობრებული ქალაქია ყაზახეთში, რაც ეკონომიკური და კულტურული დიალოგის გააქტიურების საუკეთესო წინაპირობაა.
