შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი სურამში მულტიფუნქციური ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
სიმონ გულედანმა, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან მიხეილ ფავლენიშვილთან, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან პაატა ჩადუნელთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დაბა სურამში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესი დაათვალიერა. ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბოლო დეტალების მოწესრიგება.
მულტიფუნქციური ცენტრი სურამის ცენტრალურ სკვერში, ყოფილი კინოთეატრის შენობაში განთავსდა. რეაბილიტირებული სივრცე გააერთიანებს სამუსიკო სკოლასა და სურამის ბიბლიოთეკას. გარდა ამისა, შენობაში მოეწყო 80 მაყურებელზე გათვლილი მცირე საკონცერტო დარბაზი და სხვადასხვა შემოქმედებითი წრეებისთვის განკუთვნილი სივრცეები. აქვე განთავსდება სურამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ოფისიც.
პარალელურად მიმდინარეობს შენობის მიმდებარე დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობაც. პროექტის ფარგლებში განახლდება პარკი, მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
სურამის მულტიფუნქციური ცენტრისა და პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარით ფინანსდება.
