შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, კასპის მუნიციპალიტეტის მერთან ვახტანგ მაისურაძესთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილთან ერთად, სოფელ ზემო ხანდაკში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
პროექტის ფარგლებში ამჟამად ასფალტ-ბეტონის საფარის პირველი ფენის დაგება მიმდინარეობს. ასევე მოწესრიგდება ეზოებში შესასვლელები და გზის მიერთებები.
სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 657 გრძივი მეტრია, ხოლო პროექტის საერთო ღირებულება 240 000 ლარს შეადგენს. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ ორი სოფლის მოსახლეობა კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. რეაბილიტირებული გზა სოფელ ზემო ხანდაკს სოფელ მეფისქალაქთან დააკავშირებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
