ტაბიძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში გზის საფარის განახლებასთან ერთად მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, მოწესრიგდება ტროტუარები და განახლდება გარე განათება. სამუშაოების დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სატრანსპორტო მოძრაობა და ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
პროექტის ღირებულება 4 160 000 ლარს შეადგენს.
ხაშურში რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა დადიანის, ყაზბეგის, ჯავახიშვილის, ბარნოვის (ჩიხებთან ერთად), ნიკო ნიკოლაძის, კახა მეტრეველისა და მაჩაბლის ქუჩებს. ამჟამად მიმდინარეობს რუსთაველისა და ბექაურის ქუჩების რეაბილიტაცია.
დამატებითი დაფინანსების ფარგლებში კი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია აღმაშენებლის, სააკაძის, 9 აპრილის, ასათიანისა და ლომოურის ქუჩების, ასევე ლომოურის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე არსებული მონაკვეთის განახლება. სამუშაოები გაგრძელდება ბექაურის, კოსტავას, ყიფიანისა და თუმანიშვილის ქუჩებზეც.
მნიშვნელოვანია, რომ სასმელი წყლისა და წყალარინების მასშტაბური პროექტების დასრულების შემდეგ საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ეტაპობრივად მთელ ქალაქში გაგრძელდება.
საერთო ჯამში, ქალაქ ხაშურში 15 ქუჩის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქის ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
