ბათუმში, 2-6 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართა, სადაც შიდა ქართლის რეგიონის სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და საერთო ჯამში 34 მედალი მოიპოვეს.
ფესტივალი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა. შეჯიბრებები სპორტის 17 სახეობაში გაიმართა, საიდანაც შიდა ქართლის რეგიონის წარმომადგენლები 14 სახეობაში მონაწილეობდნენ.
რეგიონის ოთხი მუნიციპალიტეტიდან — გორიდან, კასპიდან, ქარელიდან და ხაშურიდან ფესტივალში 112 სპორტსმენი და 23 მწვრთნელი იყო ჩართული. სპორტსმენებმა ჯამში 8 ოქროს, 11 ვერცხლისა და 15 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
მედლები სპორტის შემდეგ სახეობებში გადანაწილდა:
ცურვა — 1 ოქრო, 7 ვერცხლი, 6 ბრინჯაო;
ქვიშის ჭიდაობა — 4 ოქრო, 2 ბრინჯაო;
თავისუფალი ჭიდაობა — 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო;
კრივი — 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო;
ქართული ჭიდაობა — 1 გუნდური ოქრო;
კალათბურთი — 1 გუნდური ვერცხლი;
ტაეკვონდო — 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო;
ძიუდო — 1 გუნდური ბრინჯაო.
საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე შიდა ქართლის სპორტულ დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თამაზ ბესტაევი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე ვასილ ბალახაძე და გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორი გიორგი პურიჭამიაშვილი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროგრამაში ქართული ჭიდაობა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, თემურ ხუბულურის ინიციატივით შევიდა. თემურ ხუბულური ბათუმში გამართული შეჯიბრების ორგანიზებაში უშუალოდ იყო ჩართული და ქართული ჭიდაობის ტურნირის ჩატარებას ხელმძღვანელობდა.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი მულტისპორტული ღონისძიებაა, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება და ახალგაზრდა სპორტსმენებს სხვადასხვა სახეობაში საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შესაძლებლობას აძლევს.
