საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გახსნეს.
ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი სოსიაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
მინისტრებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და სამშვიდობო სწავლების ცენტრის მნიშვნელობასა და მის მომავალ საქმიანობაზე ისაუბრეს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე მღებრიშვილი.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილი ახალი ცენტრი მშვიდობის მშენებლობის, დიალოგისა და კონფლიქტების კვლევის მიმართულებით საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას გააერთიანებს.
ცენტრის მიზანია აკადემიური რესურსების მობილიზება, სამშვიდობო განათლების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში ტოლერანტობისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
ცენტრის ბაზაზე დაგეგმილია საგანმანათლებლო პროგრამების, ტრენინგების, სამეცნიერო კვლევებისა და საერთაშორისო დისკუსიების ორგანიზება.
სამშვიდობო სწავლების ცენტრი სტუდენტებს, მკვლევრებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო პარტნიორებს თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.
