შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში თეატრალური ფესტივალ „როტონდას“ დახურვის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
ფესტივალის საფინალო დღეს ერისთავის თეატრმა მაყურებელს გიორგი ერისთავის უკვდავი კომედია „ძუნწი“ წარუდგინა, რომლის დამდგმელი რეჟისორი რეზო შატაკიშვილია.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ ღონისძიება საქართველოს დამსახურებული არტისტის, ერისთავის თეატრის მსახიობის ფატი ფულარიანის ვარსკვლავის გახსნით დასრულდა. ამასთანავე, საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ, გიორგი გეგეჭკორმა ფატი ფულარიანს ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია გადასცა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში გორს საქართველოს სხვადასხვა თეატრალური დასი ეწვია და ადგილობრივ მაყურებელს მრავალფეროვანი წარმოდგენები შესთავაზა.
თეატრალური ფესტივალი „როტონდა“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება და ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.
