კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქის საჯარო სკოლას ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ეკატერინე გაბაშვილის სახელი მიენიჭა.
ღონისძიებას, რომელიც ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილეს მიეძღვნა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი დაესწრო. საზეიმო ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი გაბუნიას ინიციატივით გაიმართა, საქართველოს პარლამენტის წევრებმა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.
მისასალმებელ გამოსვლაში პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ეკატერინე გაბაშვილის სახელის მინიჭება სკოლისთვის მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო მოვლენაა, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალი თაობების მიერ ქართველი მწერლისა და განმანათლებლის შემოქმედების უკეთ გაცნობას.
ღონისძიების ფარგლებში სკოლის ახალი აბრა და ეკატერინე გაბაშვილის სახელობის კაბინეტი საზეიმოდ გაიხსნა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პედაგოგები, მოსწავლეები და ეკატერინე გაბაშვილის შვილთაშვილი ზურაბ გაბაშვილი.
