შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, ქარელის მუნიციპალიტეტის მერ ზაზა გულიაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქარელის ცენტრალურ საფეხბურთო სტადიონზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც რეგიონის რწმუნებულმა აღნიშნა, ქარელის სტადიონის რეაბილიტაცია მომავალ წელს დასრულდება და ქალაქს განახლებული სპორტული ინფრასტრუქტურა შეემატება.
„გარდა ქარელისა, ტექნიკური სტადიონების მშენებლობა-რეაბილიტაცია მთელი რეგიონის მასშტაბით მიმდინარეობს. განახლებული ინფრასტრუქტურა კი ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას“, – განაცხადა სიმონ გულედანმა.
ქარელის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა გულიაშვილის თქმით, ქარელში არსებული ძველი სტადიონი წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო, რის გამოც ადგილობრივ გუნდს სავარჯიშოდ აგარის სტადიონით სარგებლობა უწევდა.
„რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ქარელს სრულად განახლებული, უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ექნება, რაც როგორც სპორტსმენებისთვის, ისე გულშემატკივრებისთვის უკეთეს პირობებს შექმნის“, – აღნიშნა მერმა.
სტადიონზე აქტიურად მიმდინარეობს საფეხბურთო მოედნის, ტრიბუნებისა და გასახდელების მოწყობა. პროექტი ასევე ითვალისწინებს თანამედროვე ხელოვნური საფარის დაგებას, მსაჯთა ოთახის, ღობისა და განათების სისტემის მონტაჟს. განახლებული სტადიონი 800 მაყურებელზე იქნება გათვლილი.
პროექტის ჯამური ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
