საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ გორის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა და განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მათ მადლობის სიგელები გადასცა.
დაჯილდოების ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მინისტრის მოადგილემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს. ხაზი გაუსვეს მასწავლებლის განსაკუთრებულ როლს მოსწავლეების მხარდაჭერაში, მათი ცოდნისა და უნარების განვითარებაში, ასევე მომავალი თაობის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაში.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნული დღის ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება საქართველოს ყველა რეგიონში იმართება.
ინიციატივა მიზნად ისახავს პედაგოგთა მრავალწლიანი შრომისა და პროფესიული საქმიანობის დაფასებას, მათი ღვაწლის აღიარებასა და წახალისებას.
