საქველმოქმედო ღონისძიებას კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გარიყულაში, „შატო მეფისქალაქმა“ უმასპინძლა. საღამოს რწმუნებულთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი მეზურნიშვილი და გიორგი ვოლსკი, იაპონიის ელჩი იშიძუკა ჰიდეკი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში ქართველი და იაპონელი მხატვრების – მერაბ სურვილაძისა და კიკუტა იჩიროს ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა გაიმართა. გაყიდვიდან მიღებული თანხა კი საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება.
ღონისძიებაზე მოწვეულმა მაესტრომ – ტოშიკი უსუიმ სპეციალურად ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილისა და მსოფლიო კლასიკოსების ნაწარმოებები შეასრულა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა ანსამბლები „ალილო“ და “დიდგორი”.
ინიციატივის მიზანი ქართულ-იაპონური კულტურული კავშირების განმტკიცება და სამომავლო ერთობლივი პროექტების ხელშეწყობაა. საქველმოქმედო საღამო კასპის მუნიციპალიტეტის მერიის, იაპონიის საელჩოსა და ,,შატო მეფისქალაქის“ მხარდაჭერით გაიმართა.
