ტურნირი სამი დღის განმავლობაში ორ ასაკობრივ ჯგუფში — VIII-IX და X-XI კლასელთა გუნდებს შორის მიმდინარეობდა. შეჯიბრებაში გორის მუნიციპალიტეტის 64 სკოლის 720 მოსწავლე მონაწილეობდა.
ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
უმცროს ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვება ოლეგ ჭონიშვილის სახელობის სოფელ ბეთლემის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. მეორე ადგილი ნიკო კეცხოველის სახელობის გორის I საჯარო სკოლას ერგო, ხოლო მესამე ადგილი სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.
უფროს ასაკობრივ ჯგუფში პირველი ადგილი სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. მეორე ადგილზე გორის II საჯარო სკოლა გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიამ დაიკავა.
გამარჯვებული გუნდები გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. ასევე დაწესდა დამატებითი პრიზი, რომლის ფარგლებში გამარჯვებული მოსწავლეები ზაფხულის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ბანაკში დაისვენებენ.
„ინტელექტჩემპიონატი 2026“ მასშტაბური საგანმანათლებლო-ინტელექტუალური პროექტია, რომლის მიზანს ახალგაზრდებში განათლების პოპულარიზაცია, ანალიტიკური აზროვნების განვითარება და მოსწავლეებს შორის ჯანსაღი კონკურენციის წახალისება წარმოადგენს.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ და ა(ა)იპ „პანონიმას“ თანამშრომლობით განხორციელდა.
