საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში ეთნოფესტივალი მოეწყო.
ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე თეა ონიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
მუზეუმ-ნაკრძალის სივრცეში მოეწყო ქართული ტრადიციული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ხელსაქმისა და კულტურული მემკვიდრეობის მასტერკლასები. ადგილობრივი მეწარმეებისა და მარნების მონაწილეობით წარმოდგენილი იყო ქართული პურისა და ღვინის კულტურა, ასევე მრავალფეროვანი ეთნოკულინარიული პროგრამა.
ფესტივალის ფარგლებში დამთვალიერებელმა პირველად იხილა სამღვდელმთავრო, სამეფო და საერო ისტორიული სამოსი. ღონისძიების საკონცერტო ნაწილი ქართულ ფოლკლორს, ხალხურ ქორეოგრაფიასა და საგალობლებს დაეთმო.
„ფესტივალი გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ ქართული კულტურის მრავალფეროვნება, გავუფრთხილდეთ ჩვენს მემკვიდრეობას და მომავალ თაობებს გადავცეთ ის ღირებულებები, რამაც აქამდე მოგვიყვანა. ამასთანავე, მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეგიონის კულტურული და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენასა და შიდა ქართლის პოპულარიზაციას”, – აღნიშნა სიმონ გულედანმა.
ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ფონდის ინიციატივით მოეწყო.
