შიდა ქართლის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს მტკვრისა და დიდი ლიახვის შესართავთან, ზღვის დონიდან 588 მ სიმაღლეზე, თბილისიდან (დედაქალაქიდან) 76 კმ. გორში ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი ჰავაა, იცის ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 10,9 °C, იანვარი −1,2 °C, აგვისტო 22,5 °C. ნალექები 585 მმ. წელიწადში. ამჟამად მოსახლეობა 49,5 ათასს კაცს შეადგენს (2002 წ.). გორი მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძია.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის 2014 წლის არჩევნების შედეგად გორის მუნიციპალიტეტში არჩეულ იქნა წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო 15 წევრის შემადგენლობით (10 – პროპორციული წესით და 5 – მაჟორიტარული წესით).
გორის მუნიციპალიტეტში, როგორც შიდა ქართლის ადმინისტრაციულ ცენტრში განთავსებულია სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია და ცენტრალური ხელისუფლების ტერიტორიული ორგანოები. მუნიციპალიტეტის ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა წარმოდგენილია შემდეგი სახით: სოფლის მეურნეობა, შიდა მეურნეობის გადამუშავება, მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ვაჭრობა, მმართველობა, განათლება, ჯანდაცვა, სხვა მომსახურება. ქალაქში არის მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოები. სამშენებლო ორგანიზაციები და სავაჭრო ობიექტები.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში მრავალი ისტორიული და კულტურული ძეგლია. გორის მთავარ ღირსშესანიშნაობათა შორისაა გორის ციხე, გორის საკათედრო ტაძარი, გორის თეატრი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი და ი. სტალინის სახლ-მუზეუმი.
გორის მუნიციპალიტეტს ტურიზმის განვითარებისთვის უზარმაზარი შესაძლებლობები გააჩნია. მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობა, შესანიშნავი დასასვენებელი ადგილები, ბუნება, მთის ცივი ანკარა წყაროები, დიდი და პატარა მდინარეები, ბუნებრივი და ხელოვნური ტბები, თრიალეთისა და ლიხის ქედის უმშვენიერესი სანახები, აქ არსებული ისტორიისა და ბუნების ძეგლები ყოველთვის იპყრობდა მნახველთა ყურადღებას. მიუხედავად უახლოეს წარსულში განხორციელებული რუსული აგრესიისა, ტურისტთა მხრიდან კვლავ მაღალი ინტერესი არსებობს გორის სანახაობების მიმართ.
ქალაქში მდებარეობს ტურიზმის საინფორმაციო ცეტრი, რომელიც ტურისტებს ინფორმაციას აწვდის გადაადგილების, განთავსებისა და კვების ობიექტების შესახებ.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, პროფესიული განათლების სასწავლო ცენტრები, საჯარო სკოლები, სკოლამდელი დაწესებულებები და სამუსიკო სკოლები.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს სხვადასხვა კულტურული დაწესებულებები და გასართობი ცენტრები: ფუნქციონირებს გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო აკადემიური თეატრი და კინოთეატრი ,,გამარჯვება”. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე ფუნქციონირებს კულტურისა და სპორტის რიგი ორგანიზაციები.
ქალაქ გორში არის გორისა და ატენის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია. გორის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მედია საკმაოდ ფართოდაა წარმოდგენილი. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ორი ადგილობრივი ტელე-რადიო-კომპანია „თრიალეთი“ და ტელეკომპანია „დია“ 3 ბეჭდვითი მედია, რომელთა გავრცელების არეალი სცილდება მუნიციპალიტეტის საზღვრებს.
მოსახლეობის რაოდენობა 54 700 კაცი (2014 წელი).